8 მაისს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის" ისტორიაში განსაკუთრებული და ემოციურად დასამახსოვრებელი დღე ჩაიწერა - აკადემიამ პირველი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი წარადგინა.
აკადემიის რექტორის, სოფიო მაჭარაშვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც უკვე მნიშვნელოვან პლატფორმად მოიაზრება განათლების სფეროში არსებული სიახლეების, კვლევებისა და გამოწვევების გასაზიარებლად. ჟურნალი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა და მისი მთავარი მიზანია აკადემიური სივრცის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის განვითარება და პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა, რადგან იგი მიეძღვნა ბატონ ანზორ მაჭარაშვილის 85 წლის იუბილეს - ადამიანს, რომლის ღვაწლი პროფესიული განათლების განვითარებაში ფასდაუდებელია. სწორედ მისი ხედვა, შრომა და განათლებისადმი ერთგულება იქცა იმ მყარ საფუძვლად, რომელზეც დღეს წარმატებული და მრავალწლიანი საგანმანათლებლო სივრცეა აშენებული. ბატონმა ანზორმა არა მხოლოდ შექმნა საგანმანათლებლო ინსტიტუცია, არამედ ჩამოაყალიბა იდეა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ასობით და ათასობით ახალგაზრდას მისცა პროფესიული განვითარების, ცოდნის მიღებისა და წარმატების შესაძლებლობა. მისი საქმიანობა დღემდე მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს განათლებას, თავდადებასა და მომავალ თაობებზე ზრუნვას.
აკადემიის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენეს ბატონი ანზორ მაჭარაშვილის წვლილი პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და განვითარებაში. არაერთხელ აღინიშნა, რომ მისი დაუღალავი შრომისა და ხედვის გარეშე დღეს არსებული წარმატება შეუძლებელი იქნებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვლადიმერ ბოჟაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, იმერეთის რეგიონის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ლეჟავა, ლევან ივანაშვილი, გივი მოდებაძე, ასევე სტუდენტები, პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აკადემია განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.