2026 წლის 29 იანვარს ქალაქ საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ უმასპინძლა საქართველოს შეფთა ასოციაციისა და აკადემიის ერთობლივ კულინარიულ კონკურსს.
ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული განათლების მხარდაჭერა, ახალგაზრდა კულინარების აღმოჩენა და რეგიონში სტუმარ მასპინძლობის კულტურის განვითარება.
კონკურსში მონაწილეობდნენ BTA-ის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელები, რომელთა სწავლაც სრულად ფინანსდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
მონაწილეთა პროფესიული უნარები შეაფასეს გამოცდილმა შეფ-მზარეულებით შემდგარმა ჟიურიმ, ხოლო კონკურსის დასრულს მონაწილეებს გადაეცათ ჯილდოები.
აკადემია იმერეთის რეგიონში დაარსების დღიდან ზრუნავს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობა, ასევე ჩართულები იყვნენ BTA -ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საინტერესო პროექტებში.
მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების დასაქმების მხარდასაჭერად პროფესიული კოლეჯების, კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა .
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გამართულ კულინარიულ შეჯიბრს დაესწრო. „მადლობა მინდა გადავუხადო სოფიო მაჭარაშვილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელს, რადგან შექმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა საჩხერეში. ეს არის მაგალითი იმისა, რომ მიზანდასახულობა ყოველთვის ამართლებს. აქ არა მხოლოდ კულინარიის შესწავლაა შესაძლებელი, არამედ ადამიანებს საშუალება აქვთ დაეუფლონ მრავალ პროფესიას. აქ სწავლობენ სტუდენტები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, რაც ნამდვილად საამაყოა“ -განაცხადა ლევან ივანაშვილმა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, საქართველოს შეფთა ასოციაციის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, პრტნიორები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.